"უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ მეტად რთული პერიოდი გვხვდა წილად ჩვენი ცხოვრების გზაზე. ეს დრო განსაკუთრებით იმიტომაცაა რთული, რომ ფასეულობათა გადაფასება ხდება.
და მაინც, რა არის ის, რასაც ჩვენ ფასეულობებს ვუწოდებთ? ამა თუ იმ ადამიანისთვის ხშირად სხვადასხვა რამაა ღირებული, რადგან ის, თუ რას მიენიჭება უპირატესობა, პიროვნებაზეა დამოკიდებული. არსებობს სულიერი, კულტურული, ეროვნული, მატერიალური ფასეულობანი და კიდევ მრავალი სხვა. გააჩნია, რას აირჩევს ადამიანი; ზოგს ურჩევნია, ჰქონდეს ბევრი ფული, თანამდებობა, ძალაუფლება, ავტომობილები, სახლები და ა.შ., ყველაფერი მრავლად, თითქოს ერთი არ არის საკმარისი. ასეთი ადამიანი ნაკლებად ფიქრობს სულიერ ფასეულობებზე. ზოგს კი პირიქით მიაჩნია, რომ მთავარია სულიერი ღირებულებები, სხვა დანარჩენი კი - მეორეხარისხოვანია.
ადრეც მითქვამს თქვენთვის, ერთი ბრძენი, ეროვნებით ებრაელი კაცის შესანიშნავი სიტყვები: თუ დაკარგე სიმდიდრე - არაფერი დაგიკარგავს, რადგან სიმდიდრეს კვლავ დააგროვებ, მოიფიქრებ რამეს, გაანალიზებ, იშრომებ; თუ არ მოგემართა ხელი ერთ საქმეში, აუცილებლად მიაგნებ მეორე საქმეს, მესამეს, თუნდაც მეათეს და ბოლოს მაინც მიაღწევ საწადელს, თუ ეცდები. სრული ჭეშმარიტებაა: თუ სიმდიდრე დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს!.. და შემდეგ: თუ ჯანმრთელობა დაკარგე, - არა უშავს, ცოცხალი ხომ გადარჩი! მაგრამ თუკი დაკარგე მადლი ღვთისა, შენ მართლაც ყველაფერი დაგიკარგავს!
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დავკარგოთ მადლი სულისა წმინდისა! ოდითგანვე ქართველი კაცი, მუდამ სულიერ ფასეულობებს იუნჯებდა. იგი აგროვებდა არა ოქრო-ვერცხლს, არა მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ, უმეტესად, - სულიერ საუნჯეს, იუნჯებდა მადლს ღვთისა! "
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება მთავარანგელოზობის დღესასწაულზე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2010 წ.
,,თუ სიმდიდრე დაკარგე, არაფერი დაგიკარგავს!.. და შემდეგ: თუ ჯანმრთელობა დაკარგე, - არა უშავს, ცოცხალი ხომ გადარჩი! მაგრამ თუკი დაკარგე მადლი ღვთისა, შენ მართლაც ყველაფერი დაგიკარგავს!" ღმერთო კარგად გვიმყოფე ჩვენი პატრიარქი!!!
ОтветитьУдалить