Ярлыки

пятница, 11 мая 2012 г.

მოტივაციის გავლენა სწავლაზე


5-6 წლის ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ხოლო 6-7 წლიდან წამყვანი ქცევა სწავლა ხდება.
      წამყვანი მოტივი - სწავლა
      სწავლის მოტივები მოტივთა ორ ჯგუფს აერთიანებს.
     პირველ ჯგუფს მიეკუთვნება - ბავშვის შემეცნებითი ინტერესები, ინტელექტუალური აქტივობის მოთხოვნილება.
     მეორე ჯგუფს ქმნის სწავლის ფართო სოციალური მოტივები, რომლებიც დაკავშირებულია ბავშვის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის, მათგან შექებისა და აღიარების მიღების მოთხოვნილებასთან; ასევე - ბავშვის სურვილი, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი სოციალური ურთიერთობის სფეროში.
     ამრიგად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან სწავლის მოტივებს ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები განსაზღვრავს.
     რა ეხმარება მასწავლებელს სწავლის მოტივაციის ფორმირებაში?
სწავლის მოტივაციისა და ნებელობის განსავითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სახალისო სიტუაციები; მაგ.გამოცანის ეფექტი . ყველა ბავშვს უყვარს გამოცანები, რებუსები, კროსვორდები. მსგავსი აქტივობები საგრძნობლად აცოცხლებს სასწავლო პროცესს.
      მოტივაციის განვითარებას დიდად უწყობს ხელს, როდესაც მოსწავლე გრძნობს, რომ მას ენდობიან და მისი წარმატებისა სჯერათ.
     მაგრამ არსებობს ფაქტორთა წყება, რომლებიც მოტივაციაზე უარყოფითად აისახება. მაგალითად, კვლევებით დადგენილია, რომ მოტივაციას აქრობს გადაღლა. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაწყებით კლასებში საგაკვეთილო პროცესში მოძრავი პაუზების გამოყენება.
     მოტივაციის ფორმირებას ხელს უშლის სტრესიც. ის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს ახალი გარემოს ან ინფორმაციის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სტრესის ოპტიმალური დონე. კვლევებით დადგენილია, რომ სტრესის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს კლასის საჭიროებათა გაცნობა, სწავლების ორგანიზების ფორმათა ცვლილება, სხვადასხვა მეთოდის გამოყენება, შეფასების კრიტერიუმების წინასწარი გაცნობა, მოსწავლეებისადმი მასწავლებლის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, საუბრის მშვიდი და გაწონასწორებული კილო.
     კარგი მასწავლებელი ყოველთვის ქმნის მოტივაციას. ამისთვის მასწავლებლები შემდეგ გზებს მიმართავენ: 1) ყველა მოსწავლეს ერთნაირად პოზიტიურად ეპყრობიან, არ გამოარჩევენ ფავორიტებს; 2) ამხნევებენ მოსწავლეებს სირთულეების დროს; 3) მოსწავლის მიღწევებს ადარებენ მხოლოდ მისსავე შედეგებს და არა სხვა მოსწავლეებისას; 4) ხელს უწყობენ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური სტრატეგიების გამოყენებაში (მიზნის დასახვა, სწავლების პროცესის თვითკონტროლი) ;5) მოსწავლეებისა და კლასის საჭიროებათა გათვალისწინებით, ზრუნავენ მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებაზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий