რაც სკოლაში ვმუშაობ
(13 წელი), უამრავ ურთიერთგამომრიცხავ
ფაქტებს ვხვდები მშობლებისა თუ ჩემი კოლეგების მხრიდან: თეორიულად ერთს
ვამტკიცებთ, პრაქტიკაში სხვას ვანხორციელებთ. მოსწავლეს ვაძლევთ უამრავ
მასალას,ზოგჯერ ასაკის შეუფერებლად ბევრს და რთულს,ზედმეტის ათვისებას ვთხოვთ და
გვავიწყდება რომ ბავშვთან გვაქვს საქმე ,რომ მათ ბავშვობა არ უნდა წავართვათ.მშობლებიც დიდი
მოლოდინით არიან შვილებისადმი, რომელი ოცნებაც ვერ განახორციელეს, ბავშვისგან
მოელიან მის რეალიზებას;და აქაც ავიწყდებათ,რომ საქმე ბავშვს,პიროვებას ეხება.
ბავშვი ხომ მხოლოდ სუფთა დაფაა არაა,უამრავი რამ დაიტიოს?!
გადავწყვიტე,ერთხელ
კიდევ შემეხსენებინა მშობლებისა და ჩემი კოლეგებისთვის უდიდესი ფსიქოლოგი -დიმიტრი
უზნაძე.
მრავალი თეორია მიეძღვნა ბავშვთა განვითარების შესწავლას განათლების პროცესში. ერთ-ერთი არის დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. ამ თეორიაზე დაყრდნობით,მინდა ჩემი
აზრი მოკლედ ჩამოვაყალიბო მკითხველთათვის (მსობლებისა და კოლეგებისადმი):
ძვირფასო მშობლებო!
1) ხშირად ბავშვის ფენომენი არასწორად არის გაგებული, ბავშვი არ უნდა ჩაითვალოს პატარა მოზარდად, ამიტომაც აღზრდისას არ უნდა მოხდეს მოვლენების დაჩქარება და ბავშვს არ
უნდა მოვთხოვოთ მოზარდებისთვის დამახასიათებელი ქცევები. ერთი
სიტყვით, ბავშვს არ
უნდა წავართვათ ბავშვობა.
2) მინდა შევეხო თამაშის ფენომენს.
დღესდღეობით თამეშებით სწავლება საკმაოდ აქტუალურია. ბაგა-ბაღიდან ბავშვი პირდაპირ სასკოლო მერხთან ხვდება, ბაღში კი მას თამაშის მეტი არაფერი უკეთებია, სკოლაში ბავშვის უცაბედი შეზღუდვა, თამაშის უფლების ჩამორთმევა,მაქსიმალური გაკონტროლება იწვევს ბავშვის სურვილების ფრუსტრაციას (უიმედო მდგომარეობას). აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაში ეს არის ბავშვის იდეებისა და ფანტაზიების რეალიზაციის ერთ-ერთი საწყისი ეტაპი . სწორედ ამიტომ ექცევა მას დიდი ყურადღება აღზრდის პროცესში. (ეს სიტყვები გაიხსენეთ
ყოველთვის,როცა ბრალდებას წაუყენებთ მასწავლებელს რომ ის ათამაშებს ბავშვს იმის
ნაცვლად რომ სერიოზულად ასწავლოს.)
ძვირფასო კოლეგებო!
1) ნებისმიერი ბავშვი არის უნიკალური თავისი არსით . მის ინდივიდუალობას პედაგოგი უნდა ჩასწვდეს, ამის გარეშე იგი აღზრდის პროცესში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს. უზნაძე თვაის თეორიაში საუბრობს იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც თან ახლავს აღმზრდელობით პროცესს, მან ამ ეტაპს “აღზრდის ძირითადი ტრაგედია” უწოდა. ბზარი აღმზრდელისა და აღსაზრდელის მისწრაფებებში ჩნდება. ეს პრობლემა აღმოცენდება სწორედ მაშინ, როდესაც პედაგოგი არ აქცევს ყურადღებას მოსწავლის ინდივიდუალობას, მის სურვილებს და მხოლოდ საკუთარი მოტივებით ხელმძღვანელობს. “ის რაც,
აღმზრდელის აზრით კეთილდღეობას წარმოადგენს, აღსაზრდელისთვის ხშირად წვალებად ითვლება” _ ამბობს უზნაძე. ამ მდგომარეობის შერბილების ერთ-ერთი გზა არის მოსწავლის განვითარების ეტაპების შესწავლა, თითოეული სტადიისთვის დამახასიათებელი კანონზომიერებების ცოდნა.
2) უმნიშვნელოვანესი აღზრდის პროცესში არის
დისციპლინა, სწორედ მისი
საშუალებით ვითარდება ნებისყოფა, თუმცა გადამეტება არც აქ ვარგა. ძლიერი ნებისყოფა შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს. ნებისყოფის შენარჩუნება დამოკიდებულია გავარჯიშებაზე და სკოლა კი ამის საუკეთესო ადგილი გახლავთ.
3) უზნაძე ასევე საუბრობს სასწავლო პროცესიდან ციფრებით შეფასების მეთოდის განდევნაზე. ეს მეთოდი სუბიექტური ხასიათის მატარებელია, რომელიც არის ერთგვარი უნდობლობის წყარო მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ნდობისა და სიყვარულის ატმოსფერო კი არის უმნიშვნელოვანესი, რათა ბავშვი იყოს გახსნილი სწავლების პროცესის მიმართ.
4) უზნაძის მიხედვით განწყობა წარმოადგენს ადამიანის მთლიან პიროვნულ მზაობას გარკვეული ქცევისადმი. ადამიანიას ქცევისადმი მზაობა იცვლება იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც იგი იმყოფება. მნიშვნელოვანი ბავშვს სწავლების პროცესისადმი დადებითი განწყობა შევუქმნათ, მოვახერხოთ მისი მთლიანი პიროვნების ჩაბმა სასწავლო პროცესში და მასალა აუცილებლად უნდა მოვარგოთ ბავშვის შესაძლებლობებს.